Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
რა განსაზღვრავს საქართველოში ბინის ფასს?
რა განსაზღვრავს საქართველოში ბინის ფასს? - ამ შეკითხვაზე მაკლერები და ამ ბიზნესის წარმომადგენლები დაუფიქრებლად პასუხობენ - პირველ რიგში, მისი ადგილმდებარეობა.
თუმცა არსებობს უამრავი მიზეზი, რომელიც გასაყიდი ბინის ფასზე მოქმედებს. როგორც უძრავი ქონების სააგენტო „თბილისი მაკლერის“ ხელმძღვანელმა - ანდრია ბრელიძემ გვითხრა, ბინის მდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა კომფორტსაც ბევრი კლიენტი აქცევს ყურადღებას. თუ ბინა კეთილმოწყობილია, მისი ფასიც მატულობს.

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მდგომარეობაშია ბინა. საერთოდ, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები უფრო ძვირი ღირს, თუმცა არის ხალხი, ვისაც ძველი ბინებიც მოსწონს. დიდ
ყურადღებას აქცევენ რემონტს, თუმცა, ზოგს ურჩევნია თეთრი, ან სულაც შავი კარკასი შეიძინოს და ყველაფერი თავისი გემოვნებით მოაწყოს. რა თქმა უნდა, კეთილმოწყობილი ბინები უფრო ძვირია, მაგრამ გააჩნია რემონტის ღირებულებასაც. მაგალითად: კაფელ-მეტლახი შეიძლება 15 ლარიც ღირდეს და 80 ლარიც. ძვირად ღირებული რემონტი თავისთავად აძვირებს ბინას. ვიღაცას შეიძლება ჩვეულებრივი აბაზანა ერჩივნოს, ვიღაცას - ჯაკუზი და ამის გამო უძრავ ქონებაში უფრო დიდი თანხა გადაიხადოს. გააჩნია მყიდველის გემოვნებას, სურვილს და მატერიალურ შესაძლებლობებს. იგივე ვრცელდება კერძო სახლებზეც: ამ შემთხვევაშიც ფასს ადგილმდებარეობა განსაზღვრავს, გააჩნია სად არის ეს სახლი: ვაკეში სხვა ფასი ღირს, გლდანში - სულ სხვა და ვარკეთილში - სხვა. ამის შემდეგ კლიენტი კითხულობს რა მდგომარეობაშია სახლი, დიდი ეზო აქვს თუ პატარა და რამდენად კეთილმოწყობილია ის. ზოგი კომფორტს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და ავარიულ სახლსაც კი ყიდულობს, რადგან ის ქალაქის ცენტრში, კარგ ადგილას მდებარეობს, მერე კი, ცდილობს თავისი შენაძენი შემოსავლის წყაროდ აქციოს და გააქირაოს“, - ამბობს ანდრია ბრელიძე.

მისი თქმით, არის კიდევ ერთი, სერიოზული მიზეზი, რომელიც ბინას სულ მცირე, 10-15 პროცენტით აიაფებს.

„როცა ბინის მფლობელს პრობლემა აქვს - სესხი აქვს გამოტანილი და ვერ ისტუმრებს, ბანკთან, ან კერძო მევახშესთან აქვს პრობლემები, იძულებულია ბინა გაცილებით იაფად გაყიდოს. შეიძლება ბინა 150 ათასი ღირდეს, მაგრამ მისი მეპატრონე იძულებულია ვალი სასწრაფოდ გადაიხადოს. ისიც იძულებულია ფასი დააგდოს და ბინა 100 ათასად ან უფრო იაფადაც გაყიდოს. ასეთი ხალხი დღეს ბევრია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებშიც“, - აღნიშნავს ანდრია ბრელიძე.

უძრავი ქონების განცხადებების საიტის SS.ge-ს დირექტორის ნიკა ჯაფარიძის თქმით,
ყველაზე ძვირი ბინები თბილისში, ვაკე-საბურთალოზეა, მაგრამ ამავდროულად ძალიან აიწია ფასებმა საქართველოს საკურორტო ზონებში.

"პირველ რიგში, ეს ეხება ბათუმს: ამ ქალაქში არის ბინები, რომლებიც 100 ათას დოლარზე მეტი ღირს და უპრობლემოდ იყიდება. საკმაოდ ძვირია ბინის ფასი კვარიათში და იქაც უპრობლემოდ იყიდება. ფასებმა მოიმატა ზამთრის კურორტებზეც, მაგალითად: გუდაურსა და ბაკურიანში არის ისეთი ბინები, რომლის ფასი თბილისის ფასებს არ ჩამორჩება. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, უძრავი ქონების ფასმა ძალიან მოიმატა თბილისის ძველ უბნებში, სადაც ახალ კორპუსებს აშენებენ. ყველაზე ძვირი ბინები სწორედ ამ უბნებშია“, - აღნიშნავს ნიკა ჯაფარიძე.

მისი თქმით, 1 კვ. მეტრის ფასი უფრო მეტია, რაც უფრო მცირე ზომისაა ბინა, ამ მხრივ ის, ვინც დიდ ბინას ყიდულობს, მოგებული რჩება.

„თუ დავითვლით და ერთმანეთს შევადარებთ, დიდ ბინაში 1 კვ.მ. ფართობი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე პატარაში. ძალიან ბევრი ოჯახი აქცევს ყურადღებას, თუ რა პროექტის სახლში ყიდულობს საცხოვრებელ ფართს, ან რამდენად საიმედო და პრესტიჟული კომპანიის აშენებულია ეს სახლი. თუ ბინაში ძვირად ღირებული რემონტია გაკეთებული, ეს ამ ბინის ფასს მნიშვნელოვნად ზრდის. მით უმეტეს, ძალიან ბევრს არ უნდა იწვალოს და ცდილობს გარემონტებული ბინა შეიძინოს, ზოგი კი, პირიქით, შავ კარკასს ეძებს, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყოს და თავისი გემოვნებით გააკეთოს. ასეთი ხალხი რემონტს დიდ ყურადღებას არ აქცევს. თბილისში ყველაზე იაფი ბინები გარეუბნებშია. სხვათა შორის, ასეთ ბინებზე დიდი მოთხოვნაა: მათ ძირითადად იაფფასიანი სეგმენტის წარმომადგენლები ყიდულობენ“, - აღნიშნავს ნიკა ჯაფარიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე

წყარო - https://bpn.ge

• დაგეხმარებით უძრავი ქონების მოძიება-შეძენაში/ რეალიზაციაში
• დაუკვეთე პორტალის ბროკერს - T: 514-04-29-29
• E: binebi1.ge@gmail.com