Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
თბილისის ყველაზე მოთხოვნადი უბნები - სად ყიდულობენ სახლებს დედაქალაქში
დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, თბილისის ყველა უბანში ახალი კორპუსები შენდება. მათი ფასი კი ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება, თუმცა ზოგიერთი უბანი მყიდველში განსაკუთრებით მოთხოვნადია.

როგორც უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ბაზარზე თბილისის ცენტრალური უბნებიდან საბურთალო დომინირებს, გარეუბნებიდან კი ვარკეთილი და გლდანია მოთხოვნადი. ამის მიზეზად მისაღებ ფასს ასახელებენ.

როგორც პორტალი SS.ge-ს რედაქტორმა ლელა არაბულმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მეტი განცხადება საბურთალო, გლდანისა და ვარკეთილის უბნებში შედის.

„ზოგადი დაკვირვებით ყველაზე მეტი ბინა საბურთალოზე იყიდება. განცხადებებიც ყველაზე მეტი
ამ უბანში გასაყიდ ბინებზე იდება. გარეუბნებიდან კი ყველაზე კარგად გლდანში და ვარკეთილში იყიდება. ეს ალბათ, უფრო ფასის ხელმისაწვდომობით არის განპირობებული.
გარდა ამისა, საბურთალოზე უფრო მეტი მშენებლობებია, ვიდრე სხვა უბნებში და ამიტომაც არის ეს უბანი ასეთი პოპულარული. რაც შეეხება ფასს, ბოლო წლებია არანაირი ცვლილება არ ყოფილა“, - განაცხადა არაბულმა.

უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge-ს დამფუძნებელი ნელი გოგუაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გაყიდვების მხრივ პოპულარული უბნებია - საბურთალო, ვაკე და ვერა.

„გაყიდვების კუთხით ტენდენციები შენარჩუნებულია, დღეს გაყიდვების მხრივ საბურთალო, ვაკე და ვერა ლიდერობს. ასევე გარეუბნებშიც კარგად იყიდება ბინა, მაგალითად, ვარკეთილსა და გლდანში. თუმცა ყველაზე მოთხოვნადი ადგილი მაინც საბურთალოა.

საბურთალოსთან შედარებით ვაკე და ვერა შედარებით მაღალ ფასიანია. გარდა ამისა, ტრანსპორტის კუთხით უფრო მისადგომია. საბურთალოზე მეტროც არის და ვაკესთან შედარებით ტრანსპორტი უფრო ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, საბურთალოზე მეტი მშენებლობაა,“ - განაცხადა გოგუაძემ.

მისი თქმით, ბინის ფასები არ შეცვლილა. ვარკეთილში შავი კარკასის ფასი 400 დოლარიდან იწყება, ხოლო თეთრი კარკასის ფასი 500-550 დოლარი ღირს.

„რაც შეეხება საბურთალოს, ყველაზე დაბალი ფასი 700 დოლარი, თუმცა შესაძლოა, 900 დოლარიც იყოს. ეს დამოკიდებულია მშენებლობის ხარისხსა და ადგილმდებარეობაზე. ბევრ რამეს ექცევა ყურადღება, მაგალითად, აქვს თუ არა შენობას ეზო და გამწვანება. თუ ბინას ეზო და გამწვანება არ აქვს, იქ ადამიანს ბინის ყიდვა არ უნდა და ეს ლოგიკურიცაა“, - აღნიშნა გოგუაძემ.

უძრავი ქონების სააგენტო My.ge-სგან მოწოდებული ინფორმაციიდან ვგებულობთ, რომ 2018 წელს ყველაზე მეტი განცხადება ბინის გაყიდვის თაობაზე შევიდა: საბურთალო, ვაკე, სამგორი, დიდუბე, გლდანი. რაც შეეხება 2017 წელს, მოთხოვნადი ბინები ასე გადანაწილდა: საბურთალო, სამგორი, ვაკე, ნაძალადევი და დიდუბე.

„როგორც წესი, უბნის არჩევანს უძრავი ქონების შეძენის მიზნობრიობა განაპირობებს, საცხოვრებლადაა იგი გათვლილი, თუ კომერციული მიზნით იძენენ. საბურთალოს შემთხვევაში, ორივე ფაქტორის გამო არის მოთხოვნადი უბანი, შესაბამისად, ორი წელია ლიდერობს. დამატებით მიზეზებს წარმოადგენს ფასები უძრავ ქონებაზე, პრესტიჟულობა, ტრანსპორტი, სავაჭრო და საგანმანათლებლო დაწესებულებების სიახლოვე“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

ლიკა ამირაშვილი

წყარო - https://bpn.ge

• დაგეხმარებით უძრავი ქონების მოძიება-შეძენაში/ რეალიზაციაში
• დაუკვეთე პორტალის ბროკერს - T: 514-04-29-29
• E: binebi1.ge@gmail.com