Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
17 მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც რემონტისას უნდა გავითვალისწინოთ!
დავიწყებ იმით, რომ ახალ სახლში ახალ წელს უნდა შევხვედროდი, დღევანდელი გადმოსახედიდან, იმედია აღდგომას მაინც შევხვდები… ჰო, პროცესი გაიწელა, თუმცა ამ საკითხში იმდენად ექსპერტული უნარ-ჩვევები შევიძინე, რომ საჭიროდ ვთვლი გაგიზიაროთ და მეტიც, ჩემ დაშვებულ შეცდომებზე თქვენ ისწავლოთ.
როდესაც თეთრი კარკასის მდგომარეობაში მყოფ ბინას ვყიდულობდი, რატომღაც მხოლოდ შპალერი, ჭერი, იატაკი, სანტექნიკა და ელექტროობა წარმომედგინა, თუმცა გადავაწყდი გაცილებით უფრო მრავლისმომცველ პროცესს, რომელის დასრულებასაც საშველი არა და არ დაადგა. მიმდინარე თუ არა, პოტენციური მყიდველები მაინც იქნებით ბინის ახალ აშენებულ კორპუსში (და გისურვებთ მალე იყოთ), შესაბამისად, ალბათ ეს რჩევები სასარგებლო და საინტერესო იქნება.
ჩამოვწერ 17 პუნქტად, აღქმადობის გამარტივების მიზნით.
1. ზუსტად გათვალეთ სად რას გააკეთებთ, მაგ: დენის ჩამრთველებს, დენის წყაროს, გათბობის რადიატორებს, განათებას… დიდი შანსია, მოულოდნელად ან ავეჯით დაფაროთ რამე, ან არასწორ ადგილას გქონდეთ, მერე კედელს გამოთხრით, იწვალებთ, ა.შ. ამიტომ, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს მიაქციეთ დიდი ყურადღება.
2. ყურადღება მიაქციეთ შპალერის სისქეს, გადაუსვით ხელი, შეამოწმეთ, რამდენად კარგად ირეცხება და გაკვრისას ყოველი ნაბიჯი გაუკონტროლეთ მუშებს, რომ შემდეგ მათი „ნამაიმუნარის“ გამოსწორება თქვენ რომ არ მოგიწიოთ. არ დაიჯეროთ: გაშრება და გასწორდება, შპალერის ბრალია, მომეცი ფული და ამ დეტალებს ერთ დღეში მოვაგვარებ, ა.შ.
3. ნუ მისცემთ ხელოსანს თანხას წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც კი, ჩემს მსგავსად სასამართლოებში რომ არ მოგიწიოთ მერე სირბილი. ადამიანების ნაწილი, გაუნათლებლობიდან გამომდინარე, ვერ საზღვრავენ, უპასუხისმგებლობამ რამდენად დიდი პრობლემები შეიძლება შეუქმნათ, შესაბამისად, თანხას კი დაიბრუნებთ, მაგრამ დროში ძალიან გაგეწელებათ…
4. როცა საქმე გათბობის სისტემაზე მივა, „საგა“-ზე უკეთეს ადგილას ვერსად წახვალთ. მიდიხარ, უუზარმაზარი ასორტიმენტი, პოზიტიური, თავისი საქმის მცოდნე კონსულტანტები გხვდებიან, გემსახურებიან, გაძლევენ რჩევებს, გარჩევინებენ პროდუქციას და შენც მოდიხარ ბედნიერი. ჩემს ცნობადობასაც ვერაფერს დავაბრალებ, ჯერ მე დავათვალიერე და მერე ყიდვისთვის დედაჩემი გავუშვი, რომელმაც გამოსვლისთანავე დამირეკა და აღფრთოვანებული მიხსნიდა „რა კარგი ბავშვები მუშაობენ“, ჰოდა ეს ხალხი იმსახურებს ამის აღნიშვნას და იმედია ბლოგს მათი უფროსებიც წაიკითხავენ J თან ხარისხითაც ყველამ მირჩია და მეც, მარტივად ავირიდე თავის ტკივილი.
5. გაწევრიანდით „რემონტის“ ჯგუფში, აქ კომპეტენტური ადამიანები, ვინც ამ საკითხებში ჩართული ვართ – ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას და ამით ბევრ შეცდომას აირიდებთ თავიდან, პრობლემას შესჩივლებთ, სიხარულს გაუზიარებთ, ურჩევთ, გირჩევენ და სოფელიც აშენდება.
6. ლამინატის შემთხვევაში – დააკვირდით სისქეს,8 ან 1 მაინც რომ იყოს, ასევე, ქვემოთ უყიდეთ შედარებით სქელი საფარი (ის თხელი, რაც მოყვება გადაყარეთ) და სანამ მუშას ფულს გადაუხდით კარგად გაიარეთ, ყველა ნაწილში. დარწმუნდით, რომ არ მოძრაობს სიარულისას და ამის შემდეგ ჩაიბარეთ დასრულებული სამუშაო.
7. მეტლახის თუ გრანიტის შემთხვევაში, ყიდვამდე დაალაგებინეთ გვერდიგვერდ და დარწმუნდით, რომ ღარებს არ იტოვებს, განსაკუთრებით, თუ ელიავაზე, აშენდიში ან სადმე მსგავს ადგილას ყიდულობთ…
8. შპალერის გაკვრის ფასები 7-8 ლარის ფარგლებშია ოპტიმალური, ლამინატის დაგება 3-4 ლარი თავისი კუთხეებით, დენის წყარო 5 ლარი, ჭაღის მონტაჟი 10 ლარი და წინასწარ შეუთანხმდით, რომ კარის და ფანჯრების (ანუ, სადაც მაინც არ ეკვრება შპალერი) ადგილები არ ჩათვალონ დათვლისას. წერეთელზე არის საკმაოდ კარგი არჩევანი და ადამიანურად და პოზიტიურად გიხსნიან, ადამიანური კომუნიკაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვან პლანზე იწევს, ამდენი „სხვა ენაზე მოსაუბრე“ ხელოსნის ნახვის შემდეგ ხელოსნის შერჩევამდე, კარგად გამოიკითხე იმათგან, ვისთანაც თქვენამდე მუშაობდნენ.
9. საშხაპე კაბინა იყიდეთ სახურავის გარეშე, რომ არ გაიგუდოთ ორთქლში, ან ამოაშენეთ კედელი და უბრალოდ კარს იყიდით, თანხის დაზოგვა თუ გინდათ. დააკვირდით ჩამკეტი მექანიზმი მთლიანად რეზინის ხომ არ აქვს, ამ შემთხვევაში შანსი გაქვთ, რომ მალე გამოვიდეს მწყობრიდან.
10. მალევე წაართვით ხელოსნებს სახლის გასაღები და შეცვალეთ საკეტი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბინა ახალ აშენებულია და სხვა სახლებსაც არემონტებენ. ამით თავიდან აირიდებთ მთელი სამშენებლო ჯგუფის თქვენს ტუალეტში მოსაქმებას და/ან თქვენს ახლად შეძენილ ტახტზე მათი ტურფების წამოწვენას (ჰქონია მეზობელს მსგავსი პრაქტიკა) J
11. დიზაინერის ხარჯების საპირწონედ, მოძებნეთ გუგლის დახმარებით ორიგინალური ფოტოები გარემონტებული სახლების, შემოიარეთ მეგობრები, თუ გინდათ მეც მკითხეთ რჩევები და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.
12. წინასწარ დატოვეთ ადგილი ინტერნეტის, კონდიციონერის კაბელებისთვის, ანუ ჩააყოლეთ ეს სადენები კედელში, სანამ შპალერს გააკრავთ… რაკი გათბობის სისტემით ძალიან კმაყოფილი ვარ და ზოგადი რჩევებიდან გამომდინარეც (დეიდაჩემმა დააყენა თავისთან და ძალზედ კმაყოფილია) ალბათ კონდიცირებაზეც საგას მივმართავ, ფასები და ასორტიმენტიც კარგი ჩანს. ჰოდა, კიდევ ამდენი გიჟი ხელოსნის გადამკიდემ, მონტაჟზე მომღიმარი ხალხი რომ დამადგა, თან თავაზიანად რომ მიხსნიდნენ ყველა დეტალს და ჩემს ენაზე საუბრობდნენ, ძალიან გავიხარე.