Image
FACEBOOK
binebi1.ge@gmail.com
514 04 29 29
Image
Image
image
როგორ ვიცხოვროთ ისეთ სახლებში, როგორსაც ვიმსახურებთ
ერთად დავიცვათ ჩვენი როგორც მომხმარებლის უფლებები და ვიცხოვროთ ისეთ სახლებში, როგორსაც ვიმსახურებთ
ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება ფეისბუქზე პოსტები, სადაც ჩემი მეგობრები და მათი მეგობრები აფიქსირებენ უარყოფით რეაქციას იმ შენობებზე, რომლებიც უკანასკნელი წლების მანძილზე აშენდა ან შენდება თბილისში. მეც, როცა ბინის შეცვლაზე ვფიქრობ, ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება. რეალურად ცხოვრება არსად არ მინდა, ან სადაც მინდა ჩემი ფინანსური შესაძლებლობები არ არის საკმარისი. თუმცა, გული მაინც არ მწყდება, ბოლომდე არც ის პროექტები აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს.

ბროკერის პროფესიიდან გამომდინარე ხშირად ვნახულობ ბინებს, სადაც ჩატარებულია მაღალი ხარისხის სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ბინა მდებარეობს “ახალაშენებულ” კორპუსში, სადაც მშენებელმა მაქსიმალურად დაზოგა თანხები სადარბაზოს კეთილმოწყობაზე, ლიფტზე და გარე ფასადზე, მაქსიმალურად გამოიყენა მშენებლობის კოეფიციენტი და ააშენა 15-20 სართულიანი ბლოკისა და ბეტონის გროვა, რომელიც მომხმარებელმა იყიდა, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

ძირითადად ქალაქში გვხვდება უსახური შენობები, რომლებსაც ჩვენ „ახალაშენებულ“ კორპუსებს ვეძახით და გვიხარია, რომ იქ ვყიდულობთ ბინას. ამ ახალაშენებულ კორპუსებს არ აქვს ეზო და ბავშვების სათამაშო მოედანი. პრინციპში, რა ეზოზეა ლაპარაკი ერთი ხეც კი არ დგას შენობის წინ სიმწვანე რომ დაინახო ფანჯრიდან, ჰაერზე აღარაფერს ვამბობ.

სამაგიეროდ ჩვენ – ბროკერები ვყიდით „პენტჰაუსებს “ახალაშენებულ” კორპუსებში. ამ პენტჰაუსებს აქვთ 3 ფანჯარა და მაქსიმუმ 15 მ2 აივანი, ჭერი 2,55 მ (მანსარდული სართულიც ხომ პენტჰაუსია).

მშენებლები აშენებენ, ჩვენ ვყიდით და ხალხიც ყიდულობს. ხშირად მიჩნდება კითხვა: რატომ მოეწონა მყიდველს ეს ბინა, “პენტჰაუსი” 2,55 მ ჭერით? პასუხი ერთია: სხვა არჩევანი არ ჰქონდა, ბაზარმა მას სხვა ვერაფერი შესთავაზა, ქუჩაში დარჩენას “პენტჰაუსის” ყიდვა არჩია.

ხშირია მომხმარებელი, რომელიც თავის ბინას აქირავებს “ახალაშენებული” კორპუსებით გაფუჭებულ უბანში, მიღებულ იჯარას ამატებს თანხას და ქირაობს ბინას ქალაქის შედარებით წყნარ, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას. თუმცა ასეთი ადგილებიც თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს თბილისში.

საბჭოთა დროინდელი აქიტექტურა თავისი მიშენება-მოშენებებით, არაენერგოეფექტური სახლებით, სხვადასხვა ფერის თუ ზომის ფანჯრებით ცალკე სეგმენტია, რომელიც კონკურენციას უწევს ძველი და ავარიული სახლების ბაზარს


რა გამოდის?! რა და ის, რომ თბილისში სახლების ნახევარი ინგრევა, მეორე ნახევარი კი ქალაქის არქიტექტურა/იერსახიდან სრულიად ამოვარდნილია და თანამედროვე მომხმარებლის ვერც ერთ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ძველი უბანი

ირღვევა თუ არა მომხმარებლის უფლებები, როცა ბაზარი მას აიძულებს იცხოვროს უსახურ და არაენერგოეფექტურ შენობაში?! შენობაში, რომლის 18 სართულისათვის განკუთვნილია მხოლოდ 1 ლიფტი, რომელშიც არ არის პანდუსი შშმ პირებისთვის და არც ერთ ბინას არ აქვს აივანი და პარკინგი.

ვინ იცავს ან დაიცავს იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც შრომობენ, ცდილობენ დანაზოგი გააკეთონ და ამ დანაზოგით საკუთარი კუთხე მოიწყონ?! ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანის ერთად გასაკეთებელი საქმეა გავხდეთ უფრო მომთხოვნები დეველოპერების მიმართ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი ნებისმიერ საჯარო სივრცეში თუ როგორ სახლებში გვინდა ცხოვრება და რას უნდა გვთავაზობდეს ბაზარი.

ერთად დავიცვათ ჩვენი როგორც მომხმარებლის უფლებები და ვიცხოვროთ ისეთ სახლებში, როგორსაც ვიმსახურებთ.

წყარო - http://www.gedevanishvili.ge